.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია; მთავარი ნავის კვადრატული უჯრდებით, მასიური სვეტებით და მძიმე კედლებით ჯერ კიდევ რომანულ სტილზეა ჩაფიქრებული; აქვს 37 კაპელა-ეკვდერი და მდიდრულად მოჩუქურთმებული პატრონიკე. დიდებულ ფასადს ამშვენებს სამი შიგნით შეღრმავებული ისრულკამარიანი მთავარკარი, ზემოთ - ოცდარვა სამეფო წალოს - ნიშის მოქარგული და დაკბილული არშია; მის ზემოთ შუაში დატანებულია უზარმაზარი მრგვალი სარკმელი - ვარდული, მარცხნივ და მარჯვნივ ორი სარკმელია; კიდევ უფრო მაღლა, სარკმლების თავზე, არის მაღალი და ნარნარი, სამყურას ფორმის ჩუქურთმებით მორთული კამაროვანი გალერეა, რომლის წვრილ და ფაქიზ სვეტებზე დამყარებულია მძიმე ბაქანი; ბოლოს, ამ ბაქანზე აღმართულია და მთელ ფასადს აგვირგვინებს ორი დაუმთავრებელი, მაღალი, მასიური კოშკი (68 მ). ამ ორ კოშკს შორის დატოვებული სივრცე კიდევ უფრო დიდ შტაბეჭდილებას ახდენს. ხოლო მათ შორის უკან შუაჯვარედინზე აღმართული მოჩანს წვრილი შპილი (წვეტი). პატრონიკე და სიგრძივი ნავი ერთ მთლიანობად არის შეკრული და განივი ნავიც კი ეკლესიის შინამოში არის შეტანილი. ამით ტაძრის შიგნით სივრცე ერთიანი ხდება. ეკვდერები კედლის ბურჯ გოდლედებს (კონტრფორსებს) შორის ხუთნავიან სიგრძივ ნავთან და პატრონიკესთან ერთად ერთ მთლიან მონუმენტს ქმნის. თაღის სივრცის სიმაღლე აღწევს 32.5 მეტრს.
გარდა ამისა, ეს დიადი ქმნილება თვალს აჯადოებს თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსამბლს.
No comments:
Post a Comment